01სააგენტოს სტატუსი და პასუხისმგებლობის გამიჯვნა
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სავალდებულო იურიდიულ შეთანხმებას შპს „სელექთ ტური"-სა (შემდგომში – „სააგენტო", „ჩვენ") და მომხმარებელს შორის. პლატფორმაზე ნებისმიერი ჯავშნის განხორციელებით, ან/და სააგენტოს მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე თანხის (სრულად ან ნაწილობრივ) გადახდით, მომხმარებელი უპირობოდ ეთანხმება ქვემოთ მოცემულ გაუქმების, ცვლილებებისა და თანხის დაბრუნების წესებს.
1.1.შპს „სელექთ ტური" წარმოადგენს მხოლოდ შუამავალ სააგენტოს/აგრეგატორს. ნებისმიერი სერვისის (ავიაბილეთი, სასტუმრო, ტრანსფერი, ტური) გაუქმების, ცვლილების ან დაუბრუნებლობის პირობებს ადგენს მხოლოდ და ექსკლუზიურად უშუალო მომსახურების მიმწოდებელი/პროვაიდერი (ავიაკომპანია, სასტუმრო, გლობალური სადისტრიბუციო სისტემები).
1.2.სააგენტოს მიერ ჯავშნის დადასტურება და ბილეთის/ვაუჩერის გენერირება (ან მომხმარებლისთვის გადაცემა) ნიშნავს სააგენტოს მხრიდან ნაკისრი საშუამავლო ვალდებულების სრულყოფილად და ჯეროვნად შესრულებას.
02ავიაბილეთების გაუქმება და „ვირტუალური გადაჯდომა" (Virtual Interlining)
2.1.Low-Cost (დაბალბიუჯეტიანი) ტარიფები: შეძენილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბილეთები (მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ: Wizz Air, Ryanair, easyJet, Pegasus და სხვ.) არის მკაცრად დაუბრუნებადი (Non-Refundable). მომხმარებლის მიერ ფრენაზე უარის თქმის შემთხვევაში გადახდილი თანხა არ ბრუნდება.
2.2.კომბინირებული ჯავშნები (ცალკეული ბილეთები): თუ მომხმარებლის მარშრუტი შედგება სხვადასხვა ავიაკომპანიის (ან ერთი და იგივე ავიაკომპანიის ცალკეული ჯავშნების) კომბინაციისგან, თითოეული ფრენა წარმოადგენს დამოუკიდებელ კონტრაქტს სხვადასხვა პროვაიდერთან.
2.3.თუ ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ გააუქმა ან გადადო ფრენა, რის გამოც მომხმარებელმა დააგვიანა მომდევნო (გადაჯდომის) რეისზე, სააგენტო იხსნის ყოველგვარ ფინანსურ თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაკარგულ/გაცდენილ მეორე ბილეთზე. ასეთ დროს, თანხის დაბრუნების ან კომპენსაციის მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ იმ კონკრეტულ ავიაკომპანიაზე, რომელმაც დაარღვია განრიგი.
03გამოუცხადებლობა (No-Show) და დაგვიანება
3.1.თუ მომხმარებელი არ გამოცხადდება რეისზე (No-Show), დააგვიანებს რეგისტრაციას (Check-in) ან ჩასხდომას (Boarding), ან საზღვრის მკვეთი, საიმიგრაციო თუ საბაჟო ორგანოების მიერ ეთქმება უარი გამგზავრებაზე (მაგ: არასწორი/აკლებული ვიზა, პასპორტის არასაკმარისი მოქმედების ვადა, დოკუმენტების ხარვეზი), ბილეთი უქმდება ავტომატურად პროვაიდერის მიერ და გადახდილი თანხა სრულად იკარგება.
3.2.მსგავსი პირობა ვრცელდება სასტუმროს ჯავშნებზეც: დათქმულ დროს სასტუმროში გამოუცხადებლობის (No-Show) შემთხვევაში, ჯავშანი უქმდება სასტუმროს პოლიტიკის შესაბამისად და თანხა არ ბრუნდება.
04პროვაიდერის მიერ განხორციელებული გაუქმება და ფორს-მაჟორი
4.1.ავიაკომპანიის მიერ რეისის გაუქმების, გადადების, განრიგის შეცვლის ან ავიაკომპანიის გადახდისუუნარობის/გაკოტრების შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდისა და ალტერნატიული ფრენით უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება ექსკლუზიურად თავად ავიაკომპანიას.
4.2.სააგენტო ვალდებულია დაეხმაროს მომხმარებელს ავიაკომპანიასთან ან სერვისის მომწოდებელთან კომუნიკაციაში დაბრუნების (Refund) მოთხოვნის გასაგზავნად, თუმცა სააგენტო არ იღებს ვალდებულებას საკუთარი ფინანსური სახსრებით აანაზღაუროს ზარალი პროვაიდერისგან თანხის საბოლოო დაბრუნებამდე.
4.3.სააგენტო არ აბრუნებს თანხას და იხსნის პასუხისმგებლობას, თუ სერვისის მიღება შეუძლებელი გახდა ფორს-მაჟორული გარემოებების გამო (მათ შორის: ომი, საომარი მოქმედებები, ტერორიზმი, პანდემია/ეპიდემია, საზღვრების ჩაკეტვა, სახელმწიფო რეგულაციები, სტიქიური უბედურება, გაფიცვა, აეროპორტის დახურვა და სხვ.).
05სააგენტოს საკომისიო (Service Fee) და დაუბრუნებლობის გარანტია
5.1.სერვისის ჯამურ ღირებულებაში ინტეგრირებული სააგენტოს მომსახურების საკომისიო (Service/Ticketing Fee) წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაწეული საშუამავლო და საოპერაციო შრომის საფასურს და არცერთ შემთხვევაში (მათ შორის ფორს-მაჟორის დროსაც) არ ექვემდებარება დაბრუნებას.
5.2.იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროვაიდერმა (ავიაკომპანიამ/სასტუმრომ) დააბრუნა სერვისის ღირებულება მომხმარებლის ან თავად პროვაიდერის მიზეზით, სააგენტო ინარჩუნებს თავის მომსახურების საკომისიოს.
06საბანკო დავები და უსაფუძვლო Chargeback-ები
6.1.მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ ნებაყოფლობით შეძენილი სერვისის ან დაუბრუნებადი (Non-Refundable) ბილეთის შემთხვევაში, თანხის უკან გამოთხოვის მოთხოვნა ბანკის მეშვეობით (Chargeback პროცედურის დაწყება) წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების უხეშ დარღვევას და არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
6.2.თუ მომხმარებელი მოახდენს საბანკო ტრანზაქციის უსაფუძვლო გასაჩივრებას, სააგენტო უფლებამოსილია, მტკიცებულებების სახით ბანკს/საგადახდო სისტემას წარუდგინოს ეს შეთანხმება, მომხმარებლის მონაცემები, IP მისამართი, ჯავშნის ლოგები და მიმოწერის ისტორია. უსაფუძვლო Chargeback-ის პროცესით გამოწვეული ყველა ადმინისტრაციული, იურიდიული თუ საბანკო ჯარიმა სრულად დაეკისრება მომხმარებელს.
07თანხის დაბრუნების დრო და პროცედურა
7.1.გაუქმების ან ცვლილების ინიცირებისთვის მომხმარებელმა ოფიციალურად უნდა მოგვმართოს ელ. ფოსტაზე: info@selecttour.ge
7.2.პროვაიდერის მიერ დამტკიცებული თანხის დაბრუნება (Refund) ხორციელდება ექსკლუზიურად იმავე საბანკო ანგარიშზე/ბარათზე, რომლითაც განხორციელდა გადახდა.
7.3.დაბრუნების პროცესის დრო სრულად დამოკიდებულია პროვაიდერის (ავიაკომპანიის/სასტუმროს/სისტემის) შიდა პოლიტიკაზე და შესაძლოა შეადგინოს 14-დან 60 სამუშაო დღემდე (ან მეტი, პროვაიდერის სპეციფიკიდან გამომდინარე). სააგენტო გადარიცხავს თანხას მომხმარებლის ანგარიშზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული თანხა ფაქტობრივად აისახება სააგენტოს საბანკო ანგარიშზე პროვაიდერის მხრიდან.
08ტურის პაკეტი (ფრენა + სასტუმრო): გადახდის განრიგი და გაუქმება
8.1.ტურის პაკეტი მოიცავს ავიაბილეთებს, სასტუმროს და სამოგზაურო დაზღვევას. მისი გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად. ორივე ნაწილის თანხა და ვადა ჯავშნის გვერდზე გადახდამდე ჩანს და მომხმარებელი მათ გადახდამდე ეთანხმება.
8.2.პირველი გადახდა (ჯავშნისას) მოიცავს ავიაბილეთების, დაზღვევისა და კომპანიის მომსახურების ღირებულებას. ავიაბილეთები გამოიწერება დაუყოვნებლივ, ამიტომ პირველი გადახდა არ ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომწოდებელი ვერ ასრულებს ვალდებულებას (ავიაკომპანია აუქმებს რეისს ან სასტუმრო უარს ამბობს ჯავშანზე).
8.3.მეორე გადახდა არის სასტუმროს ღირებულება ლარში, რომელიც ჯავშნისას ფიქსირდება. მისი ვადაა სასტუმროს უფასო გაუქმების ვადის ამოწურვამდე 7 დღით ადრე.
8.4.მთელი თანხა ერთბაშად იხდება, თუ სასტუმროს ტარიფი უფასო გაუქმებას არ ითვალისწინებს, თუ მეორე გადახდის ვადამდე 3 დღეზე ნაკლები რჩება, ან თუ მომხმარებელი განვადებით იხდის.
8.5.მეორე გადახდის ვადის მოახლოებისას კომპანია მომხმარებელს შეხსენებას და გადახდის ბმულს უგზავნის. კომპანიას შეუძლია ვადის გაგრძელება, მაგრამ არა სასტუმროს უფასო გაუქმების ვადის შემდეგ.
8.6.თუ მეორე გადახდა არ განხორციელდა, სასტუმროს უფასო გაუქმების ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე სასტუმროს ჯავშანი ავტომატურად და უფასოდ უქმდება. ავიაბილეთები ძალაში რჩება, პირველი გადახდა არ ბრუნდება და მომხმარებელს ამის შესახებ ეცნობება.
8.7.მომხმარებლის მიერ გაუქმებისას პირველი გადახდა არ ბრუნდება, ხოლო ავიაბილეთების ცვლილება ან გაუქმება ავიაკომპანიის წესებით ხდება. სასტუმროს უფასო გაუქმების ვადამდე სასტუმრო უფასოდ უქმდება და გადახდილი მეორე ნაწილი სრულად ბრუნდება; ვადის გასვლის შემდეგ სასტუმროს ჯარიმა იქვითება და დარჩენილი თანხა ბრუნდება.
09თანხის დაბლოკვა, განვადება და გადახდის ბმული
9.1.ბარათით გადახდისას თანხა ჯერ იბლოკება ბარათზე და ჩამოიჭრება მხოლოდ ჯავშნის დადასტურების შემდეგ. თუ ჯავშანი ვერ დადასტურდა, დაბლოკილი თანხა სრულად თავისუფლდება და ეს დაბრუნებად არ ითვლება; ბარათზე მისი ასახვის დრო დამოკიდებულია ბარათის გამცემ ბანკზე.
9.2.განვადებით გადახდისას სესხის ხელშეკრულება იდება მომხმარებელსა და სს „საქართველოს ბანკს“ შორის, ბანკი კი კომპანიას მთელ თანხას ერთბაშად უხდის. დასაბრუნებელი თანხა ბრუნდება ბანკის მეშვეობით, ბანკის წესების შესაბამისად.
9.3.კომპანიის თანამშრომლის მიერ გამოგზავნილი გადახდის ბმულით გადახდაზე ვრცელდება იგივე წესები, რაც პლატფორმაზე გადახდაზე. ბმულის თანხა და დანიშნულება ბმულის გვერდზე გადახდამდე ჩანს.
კომპანიის რეკვიზიტები
- კომპანია
- შპს „სელექთ ტური" (Select Tour LLC)
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 402350754
- მისამართი
- საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, ა. წერეთლის გამზ. N70, ბინა 1B
კითხვა გაქვთ?
დაგვიკავშირდით და ნებისმიერ პუნქტს აგიხსნით.